Tuesday, April 9, 2013

ტაო-კლარჯეთელი ,,ჩვენებურები”

მოგესალმებით! ჩვენ, მე-2 ჯგუფის წევრებმა: შოთა ხუციშვილმა, სალომე კაპანაძემ, ოთარ მერაბიშვილმა, ნინო გვარამაძემ და გიორგი სამსონიძემ, საინტერესო მასალა მოვიძიეთ და რეფერატი დავწერეთ ტაო-კლარჯეთელი ,,ჩვენებურების” ისტორიაზე, ტრადიციებზე, მათ ქართულ მეტყველებაზე, თქმულებებსა და ლეგენდებზე. გამოვიკვლიეთ, რომ სამხრეთ კავკასიის ეს ადგილები უძველესი დროიდან ქართველებით იყო დასახლებული. აქაური ქართული ტომები ტაოხებისა ჯერ კიდევ ძვ.წელთაღრიცხვით XII-XI საუკუნეებში ძველ აღმოსავლურ წარწერებშია მოხსენებული. VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე აქ ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფო- ფეოდალურ-პოლიტიკური ერთეული- ტაო-კლარჯეთის სამეფო, რომლის შექმნა აშოტ I კურაპალატის სახელთანაა დაკავშირებული.

ტაო-კლარჯეთის ქართველობა ოსმალეთის საზღვრებში აღმოჩნდა XVI საუკუნეში, როდესაც ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს. მესხების უდიდესი ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში იძულებული გახდა მაჰმადიანობა მიეღო. ამ კუთხეში სარწმუნოებასთან ერთად თურქული ენაც მტკიცედ იკიდებდა ფეხს. საუკუნეების განმავლობაში მესხეთის ბევრ კუთხეში დაიკარგა ქართული ენა და ქართველობის შეგრძნება. თუმცა ნაწილი მესხებისა ინარჩუნებდა მშობლიურ ენასა და ქართველობას. XIX საუკუნეში გაძლიერებულმა რუსეთის იმპერიამ დაამარცხა ოსმალეთი და მესხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემოუერთა. ამ პერიოდში მოხდა მუსლიმი ქართველების გადასახლება - „მუჰაჯირობა“ ოსმალეთში. ათიათასობით ქართველი რელიგიური მოსაზრებით აიყარა წინაპართა მიწა-წყლიდან, ოსმალეთის სხვადასხვა კუთხეში ჩასახლდა და ქართული დასახლებები შექმნა.

გურჯები ის ქართველებია, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, ქართულად მეტყველე- ბენ და დღემდე აქვთ შემონახული ძველი ქართული ადათ-წესები. ისინი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. დღეს თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება შეხვდეთ ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს. მათ კარგად იციან თავიანთი წარმომავლობა, ქართული გვარები, სიმღერები, გადმოცემები და ზღაპრები. აინტერესებთ თავიანთი სამშობლოს - საქართველოს დღევანდელი დღე და ფიქრობენ მის მომავალზე. სიტყვა “მუჰაჯირი” არაბულია და ქართულად ნიშნავს ემიგრანტს, გადახვეწილს, სამშობლოდან წასულს.

გამოთქმა “მუჰაჯირი ქართველი” ჩვენს ენაში მკვიდრდება მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში საქართველოდან თურქეთში საცხოვრებლად გადასახლებული ქართველების აღსანიშნავად. თვით მუჰაჯირი ქართველები კი თავისიანებს “ჩვენებურებს” ეძახიან. მუჰაჯირ ქართველებს, ჩვენებურებს, დღემდე შემოუნახავთ ძველი ქართული ადათ-წესები , ხალხური სიმღერები, ცეკვები, ზღაპრები და თქმულებები. ,,ჩვენებურების” ტრადიციებზე ბევრი რამ მოვიძიეთ, ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმეს: გურჯები, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების დაცვას. ისინი ზაფხულობით, ერთ დათქმულ დღეს, გადიან იალაღებზე და სახალხო დღესასწაულებს აწყობენ, სადაც ერთმანეთს ეპაექრებიან სიმღერაში, ცეკვაში, შაირობაში, ჭიდაობაში. ასეთი დღეობების ტრადიცია, ძირითადად, ართვინის ვიაილეთშია შემორჩენილი.

მათთან ქორწილი ანუ დუგუნი, გვიან საღამოს იწყება: სიძე-დედოფალი დგას ღია ცის ქვეშ. იქვე საქორწილო ტორტი დევს. ტორტი ბოლოს იჭრება ,მექორწილე ხალხს კი წვენსა  და შეფუთულ ნამცხვარს ურიგებენ...ხალხის უმრავლესობა ჩართულია დიდ და ხანგრძლივ “ფერხულში”. დროდადრო ცალკეული პიროვნებები მიდიან სიძე-დედოფალთან და ფულს ჩუქნიან (ჰკიდებენ ტანსაცმელზე). ერთ-ერთი ახლობელი მიკროფონთან დგას და ასახელებს, ვინ რამდენი აჩუქა. იქ ყველამ იცის “თამარა დედოფალი”. ზემო უსტამისის მახლობელ ყოჩიგორას ციხეზე ადგილობრივები ამბობენ, რომ “თამარა დედოფალი” აქ რამდენჯერმეა ამოსულიო , ხოლო ბაბუების გადმოცემით, მათ იციან, რომ იგი იქ არის დაკრძალული. საერთოდ, ტაო-კლარჯეთში ლეგენდები ძირითადად თამარ მეფეზეა შემონახული. მაჭახელაში ამბობდნენ, სანამ თამარ მეფე ჩვენთან ცხოვრობდა, აქ ზამთარი არ იცოდა, სულ ზაფხული იყოო . იქაურების გადმოცემით, თამარს ჰყავდა ისეთი რაში, რომ ერთ დღეს შეეძლო მოევლო ოშკი,იშხანი,ოთხთა ეკლესია და პარხალი. კობაკის მახლობლად უჩვენებენ კლდის ხელის გულის გამოსახულებას და ამბობენ, ეს თამარის ხელიაო. თამარის სახელი ჰქვა ყველა ძველ ხიდს , ციხეს ლაზეთშიც, ტაოშიც, აჭარაშიც. თამარის სახე გამორჩეული ნიშანსვეტია ჩვენი ქართველური ცნობიერებისა. თამარი ჩვენი ის საერთო ისტორიული, ღრმად ჩამჯდარი ბურჯია, რომელზეც ამაყად დადგება ქართველური მომავალი. ვფიქრობთ, ჩვენი გამგზავრების შემდეგ ტაო-კლარჯეთში, პირადად რომ შევხვდებით ,,ჩვენებურებს”, მათგან ოფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ მათ შესახებ და ამ სიახლესაც მოგაწოდებთ ამ ბლოგის საშუალებით.
ჩვენი მომზადებული რეფერატის სანახავად დააჭირეთ აქ.

No comments:

Post a Comment