Thursday, April 11, 2013

მე–4 ჯგუფი

მოგესალმებით, ჩვენ გახლავართ მე-4 ჯგუფის წევრები: მარიამ გაჩეჩილაძე, თორნიკე გასიტაშვილი, დავით ხაჭაპურიძე, თამარ კელაპტრიშვილი, დაჩი ჩინჩალაძე. ჩვენ შევაჯერეთ წინა ჯგუფების მიერ მოძიებული ინფორმაციები. მასწავლებელთან ერთად დავწერეთ სცენარი იმ ღონისძიებისა, რომელიც უნდა ჩავატაროთ ტაო-კლარჯეთში ,,ჩვენებურებთან”.


Wednesday, April 10, 2013

ტაო-კლარჯეთში მოღვაწე წმინდანთა შესახებ

მოგესალმებით, ჩვენ მე-3 ჯგუფის წარმომადგენლები ვართ: თემურ აფრიამაშვილი, ნანი კაპანაძე, ტრისტან დალალიშვილი, თამარ გოგოლაური, მაია მათოშვილი. ჩვენ გამოვიკვლიეთ და რეფერატი დავწერეთ ტაო-კლარჯეთში მოღვაწე წმინდანთა შესახებ. ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” შესწავლისას გავეცანით ზოგიერთი წმინდანის მოღვაწეობას, მაგრამ მოვიძიეთ საინტერესო ინფორმაციები იმ წმინდანებზეც, რომლების შესახებაც არ გვისწავლია ჩვენი სახელმძღვანელოდან. მაგალითად:

გიორგი მერჩულე გვაწვდის ცნობას წმიდა ნერსე III კათოლიკოსის შესახებ. ნერსე ეროვნებით სომეხი იყო. იგი აღიარებდა მართლმადიდებლურ (დიოფიზიტურ) მრწამსს და მოღვაწეობდა ქართველი მამების გვერდით (VI-VII საუკუნეებში ტაო-კლარჯეთისთვის თავი შეუფარებიათ სამშობლოდან დევნილ დიოფიზიტ სომხებს). წმიდა ნერსემ VII საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა იშხნის ტაძარს და იქვე მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით.

წმიდა ილარიონ კათოლიკოსი, „მამაი და მაშენებელი წყაროსთავისაჲ“, სიწმიდისა და სიბრძნის გამო არჩეულ იქნა ქართლის კათოლიკოსად. ამ ხარისხში წმიდანის მოღვაწეობა მოიცავს პერიოდს დაახლოებით IX ს-ის 50-იანი წლების ბოლოდან 860 წლამდე. ქართლის კათოლიკოსთა სიაში წმიდა ილარიონი მოხსენიებულია გაბრიელ II-ის (დაახლოებით IX ს-ის 30-50-იანი წლები) შემდეგ და წმიდა არსენ I დიდის (დაახ. 860-887 წწ.) წინ. წმიდა სტეფანე მტბევარი ტბეთის პირველი ეპისკოპოსი იყო. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი და ჰაგიოგრაფი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური თხზულება „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“.

წმიდა ზაქარია ანჩელი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით, იგი წმიდა მეფსალმუნე დავითის მსგავსად ბავშვობიდანვე მწყემსის ლაღი და მკაცრი ცხოვრების წესით იზრდებოდა. წმიდანი ბავშვური გულწრფელობით შემოიკრებდა თავის თანატოლებს და საოცარი სიზუსტით იმეორებდა ეკლესია-მონასტრებში ნანახ და გაგონილ ღვთისმსახურთა მოქმედებებსა და სიტყვებს. ერთხელ მის ასეთი ბავშვურ თამაშობას შეესწრო ანჩელი ეპისკოპოსი, რომელმაც ყრმა ზაქარიას თავზე „ზეცით მოწევნული“ ნათლის სვეტი იხილა. ღვთის მინიშნებით სრულწლოვანებას მიღწეული წმიდანი მალე მთელი საძმოს მოძღვარი გახდა. მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: მან ლოცვით შეაჩერა კედელს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახს შესეული ფრინველები და კალიები, შემუსრა ორი საშინელი გველი, რომლის შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშოად. ასეთი სიწმიდით გამორჩეული წმიდა ზაქარია მღვდელმთვარად იქნა დადგენილი ანჩის კათედრაზე. მასალები გვაქვს სხვა წმინდანებზეც.
ჩვენ მიერ მომზადებული რეფერატის სანახავად დააჭირეთ აქ.

Tuesday, April 9, 2013

ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული ძეგლების ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა

მოგესალმებით! ჩვენ გახლავართ 1-ლი ჯგუფის წევრები: მარიამ შუბითიძე, ამირან გოგოლაძე, ირმა მათოშვილი, ნიკა აიწურაძე, გიორგი გელაშვილი და ნათია მეტრეველი. ჩვენ გამოვიკვლიეთ ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული ძეგლების ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა. მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაო- კლარჯეთის სახელწოდებით დღეს შემოკლებით აღინიშნება ძველი ქართული ისტორიული მხარეები, რომელთა უმეტესობა ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.

ეს ტერიტორია სამხრეთ საქართველოში მდებარეობდა და მასში შედიოდა: სპერი, თორთუმი, კლარჯეთი, ტაო, შავშეთი, არტაანი, კოლა, სამცხე, ჯავახეთი... ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით, ძველად ამ ტერიტორიას მესხეთს უწოდებდნენ, ხოლო XIII საუკუნიდან, როდესაც აქ სამცხის ათაბაგების (ჯაყელთა საგვარეულოს) ძალაუფლება დამკვიდრდა, ამ მხარეს სამცხე-საათაბაგო ეწოდა. საქართველოსთვის ტაო- კლარჯეთი, უპირველეს ყოვლისა, ღირსშესანიშნავია სამი ძირითადი მოვლენით:

1. საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება პირველად ამ გზით შემოვიდა;
2. ერთიან ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს აქ ჩაეყარა საფუძველი;
3. აქ შეიქმნა ქართული კულტურის საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების, სასულიერო მწერლობის , მონუმენტური ფერწერისა და სხვა უმნიშვნელოვანესი ძეგლები.

მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით უფრო ახლოს იყო ძველი კულტურისა და განათლების ქვეყნებთან: პალესტინასთან, ბიზანტიასთან, კაბადოკიასთან, რომთან. ამიტომ აქ უფრო იოლად აღწევდა ამ ქვეყნების სიახლეები. საქართველოს კუთხეებიდან სწორედ მესხეთში გავრცელდა პირველად ქრისტიანობა. ამ კუთხის შვილები იყვნენ აშოტ და დავით კურაპალატები, შოთა რუსთაველი, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, თორნიკე ერისთავი . აქ მოღვაწეობდა წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი. ჩვენ სიამაყეს ვერ ვფარავთ, რადგან თვითონაც მესხები ვართ - ასეთი ღირსეული ხალხის შთამომავლები. ამ კუთხემ დიდი როლი ითამაშა დანაწევრე- ბული საქართველოს გაერთიანებაში.

მესხეთი საქართველოს განაპირა კუთხე იყო, ამიტომ მტერი, პირველ რიგში, ამ კუთხეს აწიოკებდა. შესაბამისად, მესხები დიდი პატრიოტები იყვნენ. სწორედ ამიტომ გაერთიანებული საქართველოს ლაშქარს წინ ყოველთვის მესხები მიუძღოდნენ და მომხდურს პირველად ისინი ეკვეთებოდნენ. ტაო- კლარჯეთი გამორჩეული იყო, როგორც წარსული პოლიტიკური ისტორიით, ისე მისი ადგილით საქართველოს ეკლესიაში.თითოეული მათგანის ტერიტორიაზე არსებობდა ორ-ორი საეპისკოპოსო კათედრა: კლარჯეთში ანჩი და ტბეთი, ხოლო ტაოში იშხანი და ბანა. ისინი, ისევე როგორც სამცხე-საათაბაგოს სხვა საეპისკოპოსოები, XVIII საუკუნეში გაუქმნდა, იქ ოსმალეთის ხელისუფლების გაბატონების გამო.

ჩვენმა ჯგუფმა გამოიკვლია და რეფერატი დაწერა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების: ხანძთის, დოლისყანის, ხახულის, ოშკის, იშხანის გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიის, მათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

ტაო-კლარჯეთელი ,,ჩვენებურები”

მოგესალმებით! ჩვენ, მე-2 ჯგუფის წევრებმა: შოთა ხუციშვილმა, სალომე კაპანაძემ, ოთარ მერაბიშვილმა, ნინო გვარამაძემ და გიორგი სამსონიძემ, საინტერესო მასალა მოვიძიეთ და რეფერატი დავწერეთ ტაო-კლარჯეთელი ,,ჩვენებურების” ისტორიაზე, ტრადიციებზე, მათ ქართულ მეტყველებაზე, თქმულებებსა და ლეგენდებზე. გამოვიკვლიეთ, რომ სამხრეთ კავკასიის ეს ადგილები უძველესი დროიდან ქართველებით იყო დასახლებული. აქაური ქართული ტომები ტაოხებისა ჯერ კიდევ ძვ.წელთაღრიცხვით XII-XI საუკუნეებში ძველ აღმოსავლურ წარწერებშია მოხსენებული. VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე აქ ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფო- ფეოდალურ-პოლიტიკური ერთეული- ტაო-კლარჯეთის სამეფო, რომლის შექმნა აშოტ I კურაპალატის სახელთანაა დაკავშირებული.

ტაო-კლარჯეთის ქართველობა ოსმალეთის საზღვრებში აღმოჩნდა XVI საუკუნეში, როდესაც ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს. მესხების უდიდესი ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში იძულებული გახდა მაჰმადიანობა მიეღო. ამ კუთხეში სარწმუნოებასთან ერთად თურქული ენაც მტკიცედ იკიდებდა ფეხს. საუკუნეების განმავლობაში მესხეთის ბევრ კუთხეში დაიკარგა ქართული ენა და ქართველობის შეგრძნება. თუმცა ნაწილი მესხებისა ინარჩუნებდა მშობლიურ ენასა და ქართველობას. XIX საუკუნეში გაძლიერებულმა რუსეთის იმპერიამ დაამარცხა ოსმალეთი და მესხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემოუერთა. ამ პერიოდში მოხდა მუსლიმი ქართველების გადასახლება - „მუჰაჯირობა“ ოსმალეთში. ათიათასობით ქართველი რელიგიური მოსაზრებით აიყარა წინაპართა მიწა-წყლიდან, ოსმალეთის სხვადასხვა კუთხეში ჩასახლდა და ქართული დასახლებები შექმნა.

გურჯები ის ქართველებია, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, ქართულად მეტყველე- ბენ და დღემდე აქვთ შემონახული ძველი ქართული ადათ-წესები. ისინი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. დღეს თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება შეხვდეთ ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს. მათ კარგად იციან თავიანთი წარმომავლობა, ქართული გვარები, სიმღერები, გადმოცემები და ზღაპრები. აინტერესებთ თავიანთი სამშობლოს - საქართველოს დღევანდელი დღე და ფიქრობენ მის მომავალზე. სიტყვა “მუჰაჯირი” არაბულია და ქართულად ნიშნავს ემიგრანტს, გადახვეწილს, სამშობლოდან წასულს.

გამოთქმა “მუჰაჯირი ქართველი” ჩვენს ენაში მკვიდრდება მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში საქართველოდან თურქეთში საცხოვრებლად გადასახლებული ქართველების აღსანიშნავად. თვით მუჰაჯირი ქართველები კი თავისიანებს “ჩვენებურებს” ეძახიან. მუჰაჯირ ქართველებს, ჩვენებურებს, დღემდე შემოუნახავთ ძველი ქართული ადათ-წესები , ხალხური სიმღერები, ცეკვები, ზღაპრები და თქმულებები. ,,ჩვენებურების” ტრადიციებზე ბევრი რამ მოვიძიეთ, ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმეს: გურჯები, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების დაცვას. ისინი ზაფხულობით, ერთ დათქმულ დღეს, გადიან იალაღებზე და სახალხო დღესასწაულებს აწყობენ, სადაც ერთმანეთს ეპაექრებიან სიმღერაში, ცეკვაში, შაირობაში, ჭიდაობაში. ასეთი დღეობების ტრადიცია, ძირითადად, ართვინის ვიაილეთშია შემორჩენილი.

მათთან ქორწილი ანუ დუგუნი, გვიან საღამოს იწყება: სიძე-დედოფალი დგას ღია ცის ქვეშ. იქვე საქორწილო ტორტი დევს. ტორტი ბოლოს იჭრება ,მექორწილე ხალხს კი წვენსა  და შეფუთულ ნამცხვარს ურიგებენ...ხალხის უმრავლესობა ჩართულია დიდ და ხანგრძლივ “ფერხულში”. დროდადრო ცალკეული პიროვნებები მიდიან სიძე-დედოფალთან და ფულს ჩუქნიან (ჰკიდებენ ტანსაცმელზე). ერთ-ერთი ახლობელი მიკროფონთან დგას და ასახელებს, ვინ რამდენი აჩუქა. იქ ყველამ იცის “თამარა დედოფალი”. ზემო უსტამისის მახლობელ ყოჩიგორას ციხეზე ადგილობრივები ამბობენ, რომ “თამარა დედოფალი” აქ რამდენჯერმეა ამოსულიო , ხოლო ბაბუების გადმოცემით, მათ იციან, რომ იგი იქ არის დაკრძალული. საერთოდ, ტაო-კლარჯეთში ლეგენდები ძირითადად თამარ მეფეზეა შემონახული. მაჭახელაში ამბობდნენ, სანამ თამარ მეფე ჩვენთან ცხოვრობდა, აქ ზამთარი არ იცოდა, სულ ზაფხული იყოო . იქაურების გადმოცემით, თამარს ჰყავდა ისეთი რაში, რომ ერთ დღეს შეეძლო მოევლო ოშკი,იშხანი,ოთხთა ეკლესია და პარხალი. კობაკის მახლობლად უჩვენებენ კლდის ხელის გულის გამოსახულებას და ამბობენ, ეს თამარის ხელიაო. თამარის სახელი ჰქვა ყველა ძველ ხიდს , ციხეს ლაზეთშიც, ტაოშიც, აჭარაშიც. თამარის სახე გამორჩეული ნიშანსვეტია ჩვენი ქართველური ცნობიერებისა. თამარი ჩვენი ის საერთო ისტორიული, ღრმად ჩამჯდარი ბურჯია, რომელზეც ამაყად დადგება ქართველური მომავალი. ვფიქრობთ, ჩვენი გამგზავრების შემდეგ ტაო-კლარჯეთში, პირადად რომ შევხვდებით ,,ჩვენებურებს”, მათგან ოფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ მათ შესახებ და ამ სიახლესაც მოგაწოდებთ ამ ბლოგის საშუალებით.
ჩვენი მომზადებული რეფერატის სანახავად დააჭირეთ აქ.

Monday, April 1, 2013

***

მოგესალმებით, მე გახლავართ ქ. ახალციხის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ეგიაშვილი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ყოველ დილით სიხარულით მივდივარ სკოლაში ჩემს საყვარელ მოსწავლეებთან შესახვედრად. (ამას გულწრფელად ვამბობ).ჩატარებული მაქვს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები, ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვამუშავებ კვლევებზე, პროექტებზე... გადავწყვიტე, გესაუბროთ ერთი საინტერესო პროექტის შესახებ. ჩემმა X-კლასის მოსწავლეებმა წელს შეისწავლეს გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. მე მათ შევთავაზე გამგზავრება ტაო-კლარჯეთში ისტორიული ძეგლების მოსანახულებ- ლად, ასევე მოვუწოდე ტაო-კლარჯეთელ ,,ჩვენებურებთან” შეხვედრა- დამეგომრებისკენ. ბავშვებმა სიხარულით აიტაცეს ეს წინადადება, მაგრამ ისიც კარგად იცოდნენ, რომ სანამ გავემგზავრებოდით, ბევრი მუშაობა მოუწევდათ. პირველ რიგში, კლასი დავყავი 4 ჯგუფად. გავუნაწილე დავალებები:

1-ლ ჯგუფს უნდა შეესწავლა საქართველოს ძირძველი კუთხის- ტაო-კლარჯეთის ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა, მოეპოვებინა ინფორმაცია იქ არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ.

მე-2 ჯგუფს უნდა გამოეკვლია ამ კუთხეში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ქართულად მეტყველების თავისებურება, მათი ტრადიციები, იქ არსებული ლეგენდები და თქმულებები.

მე-3 ჯგუფი გაეცნობოდა გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” წარმოდგენილი წმინდანების მოღვაწეობას,მოიძიებდა ფოტო-მასალას, მოაწყობდა გამოფენას.

მე-4 ჯგუფს უნდა შეეჯერებინა წინა ჯგუფების მიერ მოძიებული ინფორმაცია სამეცნიერო, ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურასთან. გამოკვლეული მასალის საფუძველზე გაეკეთებინა პრეზენტაცია.

ბავშვებს, მართალია, დიდხანს მოუწიათ მუშაობამ, მაგრამ ყველაფერს კარგად გაართვეს თავი. ახლა მოსწავლეები თვითონ წარმოგიდგენენ თავიანთ ნამუშევრებს.