Monday, April 1, 2013

***

მოგესალმებით, მე გახლავართ ქ. ახალციხის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ეგიაშვილი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ყოველ დილით სიხარულით მივდივარ სკოლაში ჩემს საყვარელ მოსწავლეებთან შესახვედრად. (ამას გულწრფელად ვამბობ).ჩატარებული მაქვს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები, ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვამუშავებ კვლევებზე, პროექტებზე... გადავწყვიტე, გესაუბროთ ერთი საინტერესო პროექტის შესახებ. ჩემმა X-კლასის მოსწავლეებმა წელს შეისწავლეს გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. მე მათ შევთავაზე გამგზავრება ტაო-კლარჯეთში ისტორიული ძეგლების მოსანახულებ- ლად, ასევე მოვუწოდე ტაო-კლარჯეთელ ,,ჩვენებურებთან” შეხვედრა- დამეგომრებისკენ. ბავშვებმა სიხარულით აიტაცეს ეს წინადადება, მაგრამ ისიც კარგად იცოდნენ, რომ სანამ გავემგზავრებოდით, ბევრი მუშაობა მოუწევდათ. პირველ რიგში, კლასი დავყავი 4 ჯგუფად. გავუნაწილე დავალებები:

1-ლ ჯგუფს უნდა შეესწავლა საქართველოს ძირძველი კუთხის- ტაო-კლარჯეთის ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა, მოეპოვებინა ინფორმაცია იქ არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ.

მე-2 ჯგუფს უნდა გამოეკვლია ამ კუთხეში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ქართულად მეტყველების თავისებურება, მათი ტრადიციები, იქ არსებული ლეგენდები და თქმულებები.

მე-3 ჯგუფი გაეცნობოდა გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” წარმოდგენილი წმინდანების მოღვაწეობას,მოიძიებდა ფოტო-მასალას, მოაწყობდა გამოფენას.

მე-4 ჯგუფს უნდა შეეჯერებინა წინა ჯგუფების მიერ მოძიებული ინფორმაცია სამეცნიერო, ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურასთან. გამოკვლეული მასალის საფუძველზე გაეკეთებინა პრეზენტაცია.

ბავშვებს, მართალია, დიდხანს მოუწიათ მუშაობამ, მაგრამ ყველაფერს კარგად გაართვეს თავი. ახლა მოსწავლეები თვითონ წარმოგიდგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

No comments:

Post a Comment