Tuesday, April 9, 2013

ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული ძეგლების ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა

მოგესალმებით! ჩვენ გახლავართ 1-ლი ჯგუფის წევრები: მარიამ შუბითიძე, ამირან გოგოლაძე, ირმა მათოშვილი, ნიკა აიწურაძე, გიორგი გელაშვილი და ნათია მეტრეველი. ჩვენ გამოვიკვლიეთ ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული ძეგლების ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა. მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაო- კლარჯეთის სახელწოდებით დღეს შემოკლებით აღინიშნება ძველი ქართული ისტორიული მხარეები, რომელთა უმეტესობა ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.

ეს ტერიტორია სამხრეთ საქართველოში მდებარეობდა და მასში შედიოდა: სპერი, თორთუმი, კლარჯეთი, ტაო, შავშეთი, არტაანი, კოლა, სამცხე, ჯავახეთი... ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით, ძველად ამ ტერიტორიას მესხეთს უწოდებდნენ, ხოლო XIII საუკუნიდან, როდესაც აქ სამცხის ათაბაგების (ჯაყელთა საგვარეულოს) ძალაუფლება დამკვიდრდა, ამ მხარეს სამცხე-საათაბაგო ეწოდა. საქართველოსთვის ტაო- კლარჯეთი, უპირველეს ყოვლისა, ღირსშესანიშნავია სამი ძირითადი მოვლენით:

1. საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება პირველად ამ გზით შემოვიდა;
2. ერთიან ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს აქ ჩაეყარა საფუძველი;
3. აქ შეიქმნა ქართული კულტურის საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების, სასულიერო მწერლობის , მონუმენტური ფერწერისა და სხვა უმნიშვნელოვანესი ძეგლები.

მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით უფრო ახლოს იყო ძველი კულტურისა და განათლების ქვეყნებთან: პალესტინასთან, ბიზანტიასთან, კაბადოკიასთან, რომთან. ამიტომ აქ უფრო იოლად აღწევდა ამ ქვეყნების სიახლეები. საქართველოს კუთხეებიდან სწორედ მესხეთში გავრცელდა პირველად ქრისტიანობა. ამ კუთხის შვილები იყვნენ აშოტ და დავით კურაპალატები, შოთა რუსთაველი, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, თორნიკე ერისთავი . აქ მოღვაწეობდა წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი. ჩვენ სიამაყეს ვერ ვფარავთ, რადგან თვითონაც მესხები ვართ - ასეთი ღირსეული ხალხის შთამომავლები. ამ კუთხემ დიდი როლი ითამაშა დანაწევრე- ბული საქართველოს გაერთიანებაში.

მესხეთი საქართველოს განაპირა კუთხე იყო, ამიტომ მტერი, პირველ რიგში, ამ კუთხეს აწიოკებდა. შესაბამისად, მესხები დიდი პატრიოტები იყვნენ. სწორედ ამიტომ გაერთიანებული საქართველოს ლაშქარს წინ ყოველთვის მესხები მიუძღოდნენ და მომხდურს პირველად ისინი ეკვეთებოდნენ. ტაო- კლარჯეთი გამორჩეული იყო, როგორც წარსული პოლიტიკური ისტორიით, ისე მისი ადგილით საქართველოს ეკლესიაში.თითოეული მათგანის ტერიტორიაზე არსებობდა ორ-ორი საეპისკოპოსო კათედრა: კლარჯეთში ანჩი და ტბეთი, ხოლო ტაოში იშხანი და ბანა. ისინი, ისევე როგორც სამცხე-საათაბაგოს სხვა საეპისკოპოსოები, XVIII საუკუნეში გაუქმნდა, იქ ოსმალეთის ხელისუფლების გაბატონების გამო.

ჩვენმა ჯგუფმა გამოიკვლია და რეფერატი დაწერა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების: ხანძთის, დოლისყანის, ხახულის, ოშკის, იშხანის გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიის, მათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

No comments:

Post a Comment