Monday, May 27, 2013

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

აი, დადგა სანატრელი დღე, როცა ჩვენ გავემგზავრეთ ტაო- კლარჯეთში. გული ძალუმად გვიცემდა, საქართველოდან მივდიოდით საქართველოში, როგორც სტუმრები..

საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ავუყევით მდ. ფოცხოვის ხეობას და არტაანიდან კლარჯეთში გადავედით. მოვინახულეთ ჯაყისმანის (ჯაყელების ციხე), ყველის და სათლეს ციხეები. ( სათლე ხეობის ჩამკეტი ციხე იყო.) პირველი ტაძარი, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, იყო ტბეთისაეპისკოპოსო კათედრა- კლარჯეთში. ძალიან ავფორიაქდით მისი ნახვით. ერთ დროს ეს დიდებული ტაძარი თითქმის ნანგრევებად ქცეულა. სანთლები დავანთეთ, ვიგალობეთ და გამოვეთხოვეთ...

გავემართეთ ხანძთის ტაძრისკენ. უნდა აღვნიშნო, რომ წინა დღეს შეუძლოდ ვგრძნობდი თავს (სიარული მიჭირდა), მიუხედავად ამისა, წმ. გრიგოლ ხანძთელისა და წმ. გიორგის (ტაძარი მის სახელს ატარებს) იმედად გზატკეცილიდან ავუყევით საცალფეხო ბილიკით ხანძთის გზას... ტაძარში წავიკითხეთ წმ. გრიგოლ ხანძთელის პარაკლისი, ისეთი მადლი ვიგრძენი, რომ სრულიად გამოჯანმრთელებულმა დავტოვე ტაძარი. შემდეგ -დოლისყანა!


 ,,დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში

ველოსიპედებით დაქრიან,

მე კიკედლებს ვკოცნითან ერთს ვუთვალთვალებ,

იქნებ ქართველიანეტარა ჰქვია?!...”        

                                                                               


საოცარია ოშკის ტაძარი!
,,ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვორომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ერთი საოცარი რამ უნდა გიამბოთ... ოშკის ტაძარში ცხოვრობს ძალიან ბევრი მტრედი, მე ისინი ოდესღაც იქ მოღვაწე ბერებს მაგონებენ. ჩვენი გალობის  დროს აუარებელმა  მტრედმა მოიყარა თავი ტაძარში, როცა დამთავრდა გალობა,ისინი აღუღუნდნენ ხმამაღლა! ტანში დავიშალეთ, ცრემლები გვდიოდა, ვკოცნიდით ტაძრის კედლებს და ისე ვეთხოვებოდით...

ტაოში ასეთი გამოთქმაა გავრცელებული: უმშვენიერესია ადგილმდებარეობა ხახულისა, შემკულობა ოშკისა და მოხატულობა იშხნისა.
,,იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდადმარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.
იშხნის ტაძარში არ შეგვიშვეს... რესტავრაცია მიმდინარეობსო, ქართველ სპეციალისტებს ახლოს არ იკარებენ. ეზოში ეყარა ფრესკის ნაწილები... მოგვეჩვენა, რომ იშხანი ტიროდა და ჩვენც ავტირდით...
შემდეგ ოთხთა! ჰაეროვანი... ამაყი...
აქაც სამწუხარო ამბავი დაგვხვდა, შიგ ტაძარში წყლის გუბე იდგა და კედლების ნგრევის საშიშროება შექმნილიყო...  

პარხალი- ოთხთას მსგავსი, დიდი, ლამაზი... მაგრამ შიგ არავინ შეგვახედა, რადგან ისიც მეჩეთად არის გადაკეთებული!
ბანა- უდიდესი ტაძარი! (6 ნიშიანი). მისი მსგავსი საქართველოშიც არ მოიპოვება... ისიც სავალალო მდგომარეობაშია...
შემდეგ დავბრუნდით საქართველოდან საქართველოში...  
,, მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
გული გვიკვდება მისი ძეგლების გახსენებისას-ასე ობლად და უპატრონოდ დარჩენილ-მიტოვებულები, სარკმელდათხრილები, კარებშენგრეულები, კედლებგანგრეულები და ხშირად სახურავჩამოქცეულები, ცალკე დროისა და ცალკე ადამიანთა მიერ დაღდასმულები, ყოველდღიურ, ყოველწუთიერ შველას რომ საჭიროებენ.   . უსათუოდ აუცილებელია და საჭიროა, გამოინახოს ფორმა, გზები და საშუალებები, რომ ორივე ქვეყანამ- მათმა შემქმნელმა საქართველომ და დღეს მათმა პატრონმა თურქეთმა, ერთობლივად უშველონ ამ ძეგლებს, გადაურჩინონ ისინი შთამომავლობას, რომ ახალი თაობაც გახდეს ამ ძეგლების დიდებულების თანაზიარი.
ჩვენ კი, უფალს მადლობას ვუხდით, რომ დაგვეხმარა, გვემოგზაურა ტაო- კლარჯეთში, ვინახულეთ და ვეზიარეთ მის გასაოცარ ბუნებასა და გამაოგნებელი ძეგლების სიდიადეს.
P.S. 
ტექსტში მოყვანილი სტროფები მე არ მეკუთვნის.

No comments:

Post a Comment