Sunday, November 17, 2013

პროექტი ,,ხანძრის პრევენცია”

მოგესალმებით!

სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ და იუნისეფმა ჩაატარეს ერთობლივი პროექტი- კატასტროფების რისკის პრევენციასთან დაკავშირებით. ჩვენს სკოლაში ჩაატარეს სიმულაციური თამაში - სკოლიდან ევაკუაცია ხანძრის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთათვის ინფორმაციის მიწოდებას რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ხანძრის შემთხვევაში.სიმულაციურ თამაშში მთელი სკოლა იყო ჩართული, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.

მოგეხსენებათ, ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის კატასტროფების რისკის შემცირების უნარ-ჩვევების განვითარება საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. საგანგებო სიტუაციების დროს ყველაზე ნაკლებად დაცულები არიან ბავშვები, რადგანაც ისინი ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული არიან და არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა და უნარ- ჩვევები, რომლებიც მისცემთ მათ რთულ სიტუაციაში თავის დაცვისა და სწორი გადაწყვეტილების შესაძლებლობას. ვფიქრობ, სკოლას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი  ითამაშოს კატასტროფების რისკის შემცირებაში, რადგან სკოლის ზეგავლენა დიდია მოსწავლეებზე.

მე გახლავართ V -ბ  კლასის დამრიგებელი. ჩემს პატარებს სურვილი გაუჩნდათ დაგვემუშავებინა   პროექტი -,,ხანძრის პრევენცია”. 

პროექტის მიზნებად დავსახეთ:  

  • მოსწავლეების გათვითცნობიერება ბუნებრივი კატასტროფის- ხანძრისა და მისი რისკის შემცირების შესახებ;
  • მოსწავლეების მეშვეობით ხანძრის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა საზოგადოებისათვის;
  • ხანძრის მიმართ მოსწავლეებში მდგრადი ქცევითი კულტურისა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ჩვენი მუშაობის 1ლი ეტაპი იყო ის,რომ ბავშვები დაიყვნენ 4 ჯგუფად, შეიმუშავეს კითხვები ამ  სტიქიის რისკის აცილების შესახებ და გავიდნენ საზოგადოებასთან ინტერვიუს ასაღებად. სულ გამოიკითხა 30 მოქალაქე. მოვუსმინოთ ბავშვებს:

ჩვენ, 1-ლმა ჯგუფმა,  ინტერვიუ ავიღეთ  9-დან 17 წლის ასაკის  მოზარდებისგან. წინასწარ შემუშავებული გვქონდა შეკითხვები. მაგალითად,  შემოგთავაზებთ პასუხების  პროცენტებს  კითხვაზე: ,, რა უნდა გააკეთოთ, თუკი თქვენს ტანისამოსს ცეცხლი მოეკიდა? ”  36,66%-მა უპასუხა, რომ გაიხდიან ცეცხლმოკიდებულ ტანისამოსს, 33,33%- წყალს შეისხამენ, სხვადასხვა პასუხი იყო 26,66%,ხოლო 3,3%-მა თქვა, რომ ძირს გაგორდებოდა.

ჩვენ-მე-2 ჯგუფი-  გავედით ქალაქის ქუჩებში და გამოვკითხეთ 30-50 წლის ასაკის მოსახლეობა, პასუხების  პროცენტები  კითხვაზე: რისი გაკეთება არ შეიძლება შენობაში ხანძრის დროს?
სამწუხაროდ,  გამოკითხულების 33,33%-მა არ იცოდა, რას გააკეთებდა. 43,33% ფიქრობდა, რომ არ შეიძლებოდა, საკუთარი ძალით ჩაქრობა, 16,66%- გაქცევა, ხოლო 6,66% -მა თქვა, რომ არ შეიძლებოდა ფანჯრების გაღება.

ჩვენ- მე-3 ჯგუფი ვესტუმრეთ ქალაქის პარკში დასასვენებლად გამოსულ 60- 75 წლის მხცოვან ხალხს და გავესაუბრეთ, შემოგთავაზებთ პასუხების  პროცენტებს  კითხვაზე:  როგორ უნდა გამოვიდეთ გაკვამლული შენობიდან?
გამოკითხულების 13,30%-მა არ იცოდა ამის შესახებ, 43,30% ფიქრობდა, რომ ცოცვით გამოვიდოდა, 23,30%- გაიქცეოდა,  16,70- სველ ნაჭერს გადაიფარებდა და ისე გამოვიდოდა, სხვა პასუხი იყო 3,30%.

ამ გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ  ჩვენი საზოგადოება კარგად ინფორმირებული არ არის  ხანძრის პრევენციის შესახებ. ბავშვებმა დაიწყეს გამოკვლევები ინტერნეტ-საიტებით, სპეციალური ლიტერატურით. 

ასევე ამ საკითხის კვლევის მიზნით,  მე-4 ჯგუფი წავიდა ქალაქის სახანძროში და მეხანძრეებისაგან მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები თავიანთ კითხვებზე. 

მოსწავლეებმა თავიანთი გამოკვლეული ერთ-ერთი საკითხის შესახებ  ერთ დღეს დიდ დასვენებაზე მოაწყეს სიმულაციური თამაში, ე.წ. ,,ფლეშმობი”.  ჩაირთო ხმოვანი სიგნალი. ბავშვები ყველას უხმობდნენ მეორე სართულის დარბაზისკენ. შეგროვდა ძალიან ბევრი მოსწავლე და არა მარტო ისინი, ბავშვებმა თავიანთი მოქმედებით ყველას აჩვენეს, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა მათ ტანსაცმელზე ცეცხლი წაეკიდებათ.
შეჩერდი!
დაწექი!
გაგორდი!
გთავაზობთ, მოსწავლეების გამოკვლეულ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე:
- რა უნდა გააკეთოთ, თუკი თქვენს ტანისამოსს ცეცხლი მოეკიდა?
- უნდა დაწვეთ და იგორაოთ მიწაზე, სანამ ცეცხლი არ ჩაქრება.
- რისი გაკეთება არ შეიძლება შენობაში ხანძრის დროს?
- დიდი ხანძრის საკუთარი ძალებით ჩაქრობა;
აივნის კარის ან ფანჯრის გაღება.
- როგორ უნდა გამოვიდეთ გაკვამლული შენობიდან?
- ვიმოძრაოთ მოხრილად ან ცოცვით და დავიფაროთ ნამიანი ნაჭერი.
- რა წესები უნდა დავიცვათ ტყეში კოცონით სარგებლობისას?
- ცეცხლი უნდა დავანთოთ ბუჩქებისა და ხეებისგან შორს; არ დავტოვოთ ცეცხლი უმეთვალყუროდ; ყოველთვის ვიქონიოთ ცეცხლის ჩასაქრობი საშუალება;
- როგორ ჩააქრობთ დაბალი ხანძრის ალს?
- ფოთლოვანი ხეების ტოტებით; წყლის დასხმით; ტენიანი გრუნტის დაყრით.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მიაღწიეს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევებს:  შეძლეს ფაქტების ანალიზი, მის საფუძველზე პრობლემის შეფასება და ამ პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა, გამოუმუშავდათ ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები ინფორმაციის მიღების დროს.

Saturday, October 5, 2013

პროექტი "ჟურნალისტობანა"

მოგესალმებით!
მოგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით კვლავ კვლავ გამოცხადდა კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობით.

კონკურსში გამარჯვება საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ პროფესიული განვითარების პროგრესული მეთოდოლოგიის პროგრამაში, რომელიც ტექნოლოგიების ინტეგრაციასაც გულისხმობს. Microsoft-ი გლობალური მასშტაბით შეარჩევს მასწავლებლებს. პროგრამის შერჩეული მონაწილე გაემგზავრება Microsoft Partners in Learning Global Forum-ზე ბარსელონაში, სადაც შეხვდება Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ-ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.

გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ  21-ე საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები  მსოფლიოს 75 ქვეყნიდან. მსოფლიოს მასშტაბით 250 გამარჯვებული გამოვლინდება 2013 წლის 5 ნოემბერს. გამარჯვებულები  გაემგზავრებიან მსოფლიო ფორუმზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 11-14 მარტს ბარსელონაში ( ესპანეთი).

გამოცხადებული კონკურსით ძალიან დავინტერესდი და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. ჩემს პროექტს, რომელიც წარვადგინე კონკურსზე, დავარქვით -,,ჟურნალისტობანა”.


მოსწავლეებთან ერთად შევქმენი ინტერნეტ გაზეთი, რომელშიც ბავშვები სხვადასხვა რუბრიკის მიხედვით აქვეყნებენ მასალებს. პროექტში მონაწილეობას იღებენ ჩვენი ქალაქის  (ახალციხის) საჯარო სკოლების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები. ისინი  პერიოდულადიღებენ ინტერვიუს  კომპეტენტური პირებისაგან მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. 

მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ. დიდი ინტერესი გაუჩნდათ ჟურნალისტის პროფესიისადმი, მათ თვითონ შექმნეს მათთვის საინტერესო რუბრიკები, ამზადებდნენ და რედაქტირებას უკეთებდნენ მოძიებულ მასალას, შემდეგ კი აქვეყნებდნენ თავიანთ შექმნილ ინტერნეტგაზეთში. ასეთი მუშაობა გრძელდება სისტემატურად. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტში მონაწილეობით მივაღწევ წარმატებას და გავხდები ინოვატორი მასწავლებელი-ექსპერტი. მივიღებ გამოცდილებას, რაც დამეხმარება მომავალი პროფესიული განვითარებისათვის.

ბმულები:
პროექტი - http://www.pil-network.com/Resources/LearningActivities/Details/726e91dc-357b-44af-9137-e9da32983c5b
ინტერნეტ გაზეთი - http://jurnalistobana.blogspot.com/
გაზეთის გვერდი ფეისბუქში - https://www.facebook.com/jurnalistobana

Thursday, June 13, 2013

Wednesday, May 29, 2013

შეხვედრა "ჩვენებურებთან"

ტაო-კლარჯეთში ჩვენი მოგზაურობისას  მიზნად გვქინდა დასახული  ტაო-კლარჯეთელ ქართველებთან-,,ჩვენებურებთან” შეხვედრა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო ჩვენთვის. ტაო-კლარჯეთის ქართველობა ოსმალეთის საზღვრებში აღმოჩნდა XVI საუკუნეში, როდესაც ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს. მესხების უდიდესი ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში იძულებული გახდა მაჰმადიანობა მიეღო. ამ კუთხეში სარწმუნოებასთან ერთად თურქული ენაც მტკიცედ იკიდებდა ფეხს. საუკუნეების განმავლობაში მესხეთის ბევრ კუთხეში დაიკარგა ქართული ენა და ქართველობის შეგრძნება. თუმცა ნაწილი მესხებისა ინარჩუნებდა მშობლიურ ენასა და ქართველობას. გურჯები ის ქართველები არიან, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, ქართულად მეტყველებენ და დღემდე აქვთ შემონახული ძველი ქართული ადათ-წესები. ისინი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. როგორც ჩვენ გამოვიკვლიეთ,  გურჯები, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების დაცვას. ისინი ზაფხულობით, ერთ დათქმულ დღეს, გადიან იალაღებზე და სახალხო დღესასწაულებს აწყობენ, სადაც ერთმანეთს ეპაექრებიან სიმღერაში, ცეკვაში, შაირობაში, ჭიდაობაში. ასეთი დღეობების ტრადიცია, ძირითადად, ართვინის   ვიაილეთშია შემორჩენილი.დღეს თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება შეხვდეთ ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს. მათ კარგად იციან თავიანთი წარმომავლობა, ქართული გვარები, სიმღერები, გადმოცემები და ზღაპრები. აინტერესებთ თავიანთი სამშობლოს - საქართველოს დღევანდელი დღე და ფიქრობენ მის მომავალზე.
 წარმოშობით ახალციხელი "ჩვენებური"

ტაო-კლარჯეთში 270-მდე  ქართული გვარია შემორჩენილი: ბედინაშვილები, ალთუნაშვილები, დურმუშიძეები, პაპიაშვილები, ბექარიშვილები, მოსიაშვილები, ბოკვერაშვილები და სხვა. 

ქართული ანბანის შესწავლის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე  მცირდება , რასაც მიაწერენ ქართველთა მიგრაციას ქალაქებში ,თუმცა  მთავარი  პასუხისმგებლობა მაინც ოჯახებს ეკისრებათ. არის სოფლები, სადაც ქართულად  საუბარი კვლავ იციან. ესენია: არმენხევი, ხევეკი ,გუდახევი, ხუმლახი, ბალხი ,ხოდსუფლია ,უთანი, ვანისხევი, კირვანსი ,ოთხთაეკლესია, ბინათი, წიმწიმი (ციმციმი), უსტამისი, ბორჩხა  და სხვა.


და აი, გავემართეთ ,,ჩვენებურებთან”  შესახვედრად. ავუყევით მდ. მასისის ულამაზეს ხეობას. სწრაფი მდინარეა მასისი, ხმაურიანი. ისე ბღაოდა, თითქოს ჩვენს დანახვაზე ჭრილობას თავი მოეხსნა და საშინელ ტკივილს განიცდიდა... სადაც ჩვენ მივდიოდით, იმ სოფელს ხევეკი ერქვა. სასტუმროს- ,,მასისი”. ჩვენი მასპინძლები დოლენჯიშვილები იყვნენ. უჭირდათ ქართულად ლაპარაკი, მაგრამ ერთმანეთს მშვენივრად ვაგებინებდით სათქმელს. ისეთი შინაურული ატმოსფერო იყო, რომ თითქოს ერთმანეთის ძალიან ახლობლები ვიყავით და კარგად ვგრძნობდით თავს.
 
ჩვენი მასპინძლების დახმარებით მეორე საღამოს სასტუმროში თავი მოიყარეს ,,ჩვენებურებმა”. ჩვენ მათ კონცერტი მოვუწყეთ. დასასრულ ყველამ ერთად ვიცეკვეთ ფერხული ანუ მათი სიტყვით რომ ვთქვა ,,ვიფერხულეთ”.საღამო ამაღლებული იყო და დაუვიწყარი... ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთმანეთთან ურთიერთობას სოციალური ქსელის მეშვეობით.
.ამიერიდან ჩვენ ერთმანეთს აღარ დავკარგავთ, რადგან ვიცით, რომ  ერთი  ხის  სხვადასხვა ტოტზე ამოყრილი ყლორტები ვართ და სულიერად  გვაერთიანებს მამა-პაპათა საფლავების, მათი დედულ-მამულის სიყვარული. აღსანიშნავია ის, რომ 400 წლის განმავლობაში ქართველს ქართველი არ მოუკლავს, ქართველს ქართველისათვის არაფერი მოუპარავს, ქართველს ქართველთან კონფლიქტი არ ჰქონია. გამოირჩევიან ერთმანეთის მხარდაჭერით, სიყვარულით, ტრადიციების ერთგულებით, შეკრულობითა და ურთიერთგატანით. ასევე, განასხვავებთ რელიგია, თუმცა რელიგია ყველას პირადი საქმეა. დანარჩენი ყველაფერი საერთო გვაქვს. ჩვენ მაინც ყველანი ქართველები ვართ.
გამომშვიდობება "ჩვენებურებთან"